მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental
Hotels Group-ი ბორჯომში ცნობილი ბრენდით – Crowne Plaza შემოვიდა.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“ დღეს ოფიციალურად
გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი
კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად
ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა. “32 მილიონი აშშ დოლარის
ინვესტიცია ჩაიდო ამ სასტუმროს მშენებლობაში, დასაქმებული იყო 250
ადამიანი, აქედან 150-ზე მეტი იყო ადგილობრივი მცხოვრები.
სასტუმროს მართვაში მონაწილეობს 150 ადამიანი. ეს სასტუმრო კიდევ უფრო
უსვამს ხაზს, ბორჯომის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ტურისტული მიმართულების მნიშვნელობას. ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის
ყველაზე სტრატეგიული დარგია. ტურიზმისგან მივიღებთ ყველაზე მეტ
შემოსავალს, ტურიზმი დაასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში.
სასიხარულოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შეიმჩნევა ვიზიტორების
რიცხვის ზრდა, 23 პროცენტით არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო
თვეების მანძილზე, გასულ წელთან შედარებით. შარშან, მიუხედავად
საქართველოს ირგვლივ არსებული არასახარბიელო ეკონომიკური
მდგომარეობისა, ჩვენ გვქონდა ვიზიტორების თითქმის ათ პროცენტამდე
ზრდა,” – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით,
სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბორჯომში ინფრასტრუქტურის
მოწყობას, რაც კურორტს საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად
აქცევს. ” სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ პროგრამას
“აწარმოე საქართველოში” დაემატა ახალი კომპონენტი “უმასპინძლე
საქართველოში,” რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში სასტუმროების ქსელის
განვითარებას. დიდი მადლობა კომპანია „დიზონ ლიმითედს” ამ
სასტუმროს პროექტის განხორციელებისთვის. კომპანიამ ასევე აღადგინა
ბორჯომის გოგირდის აუზები, რომლებსაც ხანგრძლივი ისტორია აქვთ და ამ
კურორტისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მათი აღდგენა,” – აღნიშნა
პრემიერმა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა იმ
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა პროექტირება და
განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს.