18 მაისს, საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება,
სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება. მუზეუმების
საერთაშორისო დღე ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ამ
თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი
კვირის მანძილზე, მრავალფეროვანი ღონისძიებები – გამოფენები,
საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და
მხარდაჭერით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია –
„ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1
საათამდე იქნება ღია – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული
ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.
სამცხე–ჯავახეთში ღონისძიებების ჩატარება 21
მაისს ბორჯომისა და ახალქალაქის მუზეუმებშია დაგეგმილი. ბორჯომის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ღონისძიება ოფიციალურად 21:00
გაიხსნება, მოეწყობა „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო
კითხვა მოსწავლეთა მონაწილეობით, ასევე, გაიმართება ბორჯომის
ახალგაზრდა მოხალისეთა პრეზენტაცია თემებზე: „სახელწოდება „ბორჯომის“
რაობისა და მისი გავრცელების ისტორია“, „ავალიშვილები და სადგერის
ხეობა“, „როგორ წარმოგვიდგენია ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“.
დაახლოებით ღამის პირველ საათზე, მუზეუმის წინ საქართველოს რუკის
დახატვა და მისი საზღვრების სანთლებით განათება მოხდება, პატრიოტულ
თემაზე ლექსებსა და სიმღერებს მოსწავლე-ახალგაზრდები წარმოადგენენ.
ღონისძიება ოფიციალურად 01:45 საათზე დაიხურება.
ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ღონისძიებები 13:00 საათზე
კლასიკური მუსიკის თანხლებით დაიწყება. მოეწყობა ადგილობრივი
მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა, მცირე
თეატრალური წარმოდგენა და სლაიდ-შოუ. თიკო კურტანიძე