10-11 ოქტომბერს, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში,
ქართველი მწერლები – ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, დავით
ტურაშვილი და პაატა შამუგია, ნინოწმინდას ეწვევიან და ეთნიკური
უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ.
შეხვედრის დროს, საუბარი შეეხება ლიტერატურული პროცესების
განვითარების მნიშვნელობას და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების
თვალსაზრისით, კულტურული დიალოგის გაღრმავების დადებით გავლენას;
ინტერაქციის რეჟიმში მწერლები დიალოგს ადგილობრივ
მკითხველებთან გამართავენ; პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და გ. ლეონიძის
სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით
ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე
კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური
უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში
მოეწყობა ნაჩვენები იქნება ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“. ქართული
ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების ხელშესაწყობად, პროექტი ასევე
ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
მხარდაჭერით შექმნილი, ორენოვანი კომპიუტერული შემეცნებით-გასართობი
პროგრამის პრეზენტაციას. ქართულ-სომხურენოვანი და
ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი მეგა თამაშები, სახელწოდებით ,,ერთიანი
საქართველო“, ერევნულ უმცირესობათა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში
მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. თამაშები ქართული
ანბანის, მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის, გეოგრაფიის შესახებ ვრცელ
ინფორმაციას მოიცავს და ახალგაზრდებს ქართული ისტორიისა და კულტურის
შესწავლაში, საერთო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებულობის
ამაღლებაში დაეხმარება.